საკრებულოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება - რესპუბლიკელები“ და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის დიმიტრი მოსულიშვილის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სხდომაზე დედაქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც თბილისის დაგეგმარებისა და განვითარების პოლიტიკა და პერსპექტივები განიხილეს, მათ შორის: თბილისის შემოვლითი რკინიგზა, პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა, მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო-გეგმის“ შემუშავება და განვითარება.
ფრაქციის წევრებმა ყურადღება დედაქალაქის სივრცით-გეგმარებით და სამშენებლო განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებზე გაამახვილეს და არქიტექტურის სამსახურის უფროსს საკუთარი ხედვა გააცნეს.
დიმიტრი მოსულიშვილის თქმით, სამსახური დედაქალაქის არქიტექტურული იერსახის გასაუმჯობესებლად აქტიურად მუშაობს და რიგი მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვისაც ემზადებიან.
შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.